დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

კარტოფილი, ბოსტნეული და სანელებლები - მარტივი კომბინაციები ყოველდღიურობისთვის

ბლოგი


ზოგჯერ გემრიელი კერძისთვის ბევრი ინგრედიენტი სულაც არ არის საჭირო.
სწორად შერჩეულმა სანელებელმა უბრალო კარტოფილი ან ხშირად გამოყენებული ბოსტნეული სრულიად განსხვავებულ კერძად შეიძლება აქციოს.

მაგრამ რომელი სანელებელი რომელ ბოსტნეულს უხდება?!

მოდი, რამდენიმე მარტივი კომბინაცია გავიცნოთ, რომლებიც სამზარეულოში ტრიალის ყოველდღიურ რუტინას შეგიმსუბუქებთ და თქვენს კერძებს გაახალისებს.

 

კარტოფილი - მარტივი კერძი, უამრავი შესაძლებლობით

კარტოფილი ერთ-ერთი ყველაზე „მეგობრული“ პროდუქტია სანელებლებისთვის. მას უხდება როგორც კლასიკური, ისე უფრო გამოკვეთილი არომატები.

სცადეთ:

  • შავი პილპილი + ხმელი ქინძი და მიიღებთ ქართული ხასიათისთვის დამახასიათებელ გემოს;
  • წითელი წიწაკა + ნიორი გამოგადგებათ უფრო მკვეთრი გემოს მისაღებად;
  • ქონდარი + შავი პილპილი განსაკუთრებით კარგია ღუმელში შემწვარ კარტოფილთან;
  • პაპრიკა + ნიორი დაგჭირდება ოქროსფერი და არომატულად შემწვარი კარტოფილისთვის.

 

გიზიარებთ პატარა ხრიკს

თუ კარტოფილს ღუმელში წვავთ, სანელებლები ზეთში ან მცირეოდენ ცხიმში დაამატეთ და შემდეგ შეურიეთ კარტოფილს. ასე სანელებელი უფრო თანაბრად გადანაწილდება და თითოეული ნაჭერი უფრო არომატული გახდება.

 

ბადრიჯანი - როცა არომატული სანელებელი მთავარ როლშია

ბადრიჯანს თავისებური გემო აქვს ამიტომ მას განსაკუთრებით უხდება არომატული სანელებლები.

კარგი კომბინაციაა:

ხმელი ქინძი + უცხო სუნელი + ნიორი + წითელი წიწაკა.

თუ ქართული გემოს შექმნა გსურთ, ეს კომბინაცია განსაკუთრებით კარგად მუშაობს ბადრიჯნის შეწვისას ან მისგან მომზადებულ სხვადასხვა კერძებში.

არა დაგავიწყდეთ შემწვარ ბადრიჯანში უხვად შეახვიოთ გატარებული და საკმაზებით შენელებული ნიგოზი. ეს ის კერძია, რომელსაც მსოფლიოს ყველა წერტილში აღიარებენ.

 

 

ყაბაყი - ნაზი გემო, რომელსაც მსუბუქი აქცენტი უხდება

ყაბაყის გემო შედარებით ნაზია, ამიტომ ძალიან ბევრმა სანელებელმა შეიძლება მის ბუნებრივ გემო გადაფაროს.

სცადეთ:

შავი პილპილი + ხმელი ქონდარი + ცოტა ნიორი.

თუ უფრო მსუბუქი არომატი გინდათ, სანელებლები ზომიერად გამოიყენეთ და ბოლოს ახალი მწვანილი დაამატეთ. ეცადეთ შეწვათ ნაკლებ ცხიმში, რათა უფრო ჯანსაღი და ცოცხალი კერძი გამოგივიდეთ.

 

სტაფილო - ცოტა სიტკბო, ცოტა სურნელი

სტაფილოს ბუნებრივ სიტკბოს ძალიან კარგად ერწყმის თბილი და არომატული სანელებლები.

ძირა + შავი პილპილი - მარტივი კომბინაციაა, რომელიც განსაკუთრებით უხდება ღუმელში მომზადებულ სტაფილოს.

ხოლო თუ უფრო თბილი და განსხვავებული გემო გინდათ, შეგიძლიათ მცირე რაოდენობით დარიჩინიც სცადოთ, ასე მიიღებთ განსხვავებულ გამოს.

 

ყვავილოვანი კომბოსტო - სანელებლებისთვის იდეალური საფუძველია

ყვავილოვანი კომბოსტოს ნეიტრალური გემო საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა არომატი შევუხამოთ.

სცადეთ:

ძირა + შავი პილპილი + ნიორი.

ან

ქინძი + წითელი წიწაკა + ნიორი.

ღუმელში მომზადებულ ყვავილოვან კომბოსტოს სანელებლები განსაკუთრებით უხდება. გარედან ოდნავ მობრაწული, შიგნით კი ნაზი ბოსტნეული სანელებლების არომატს კარგად ითვისებს და აგემრიელებს.

 

როგორ შევარჩიოთ სანელებელი ბოსტნეულისთვის?

თუ კონკრეტული რეცეპტი არ გაქვთ, ეს მარტივი პრინციპი დაიმახსოვრეთ:

ნაზი კონსისტენციის ბოსტნეული საჭიროებს მსუბუქ სანელებლებს
ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო, კარტოფილი - დაიწყეთ მცირე რაოდენობით საკმაზების გამოყენება და გემო პროცესში დააბალანსეთ.

მკვეთრი გემოს ბოსტნეული მოითხოვს გამოკვეთილ არომატებს
ბადრიჯანი, ხახვი, წიწაკა - თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიორი, ქინძი, წითელი წიწაკა და სხვა არომატული სანელებლები.

ტკბილი ბოსტნეული გაამდიდრეთ თბილი სანელებლებით
სტაფილო, გოგრა და ტკბილი კარტოფილი კარგად ეწყობა დარიჩინს, ძირას, ქინძსა და შავ პილპილს.

 

და ბოლოს, გიზიარებთ მთავარ წესს - სანელებელი კერძს ცოტ-ცოტა დაამატეთ

სანელებლის დამატებისას მთავარი რაოდენობა კი არა, ბალანსია.

თუ ერთდროულად რამდენიმე სანელებელს იყენებთ, თითოეულის მცირე რაოდენობით დაწყება უკეთესია. კერძის მომზადების პროცესში ყოველთვის შეგიძლიათ კიდევ დაამატოთ, მაგრამ უკვე გადამეტებული გემოს დაბალანსება გაცილებით რთულია.

და კიდევ ერთი პატარა რჩევა: ერთი კერძისთვის სამი-ოთხი კარგად შერჩეული სანელებელი ხშირად საკმარისზე მეტია.

 

მოდით ჩავატაროთ პატარა ექსპერიმენტი „ოჯახურთან“ ერთად, რომელიც სამზარეულოში აუცილებლად გექნებათ

აიღეთ ჩვეულებრივი კარტოფილი და გაყავით სამ ნაწილად.

ერთს დაუმატეთ ქონდარი და შავი პილპილი.

მეორეს - ხმელი ქინძი და წითელი წიწაკა.

მესამეს - პაპრიკა და ნიორი.

მოამზადეთ ერთნაირად და დააგემოვნეთ.

ამ ხერხის გამოყენებით ერთი პროდუქტით სამ განსხვავებულ გემოს მიიღეთ და თქვენს ოჯახის წევრებს სასიამოვნოდ გააოცებთ. ასევე საინტერესო კულინარიულ თავგადასავალს შექმნით მათთან ერთად.

სწორედ ამიტომ არის სანელებლები ყოველდღიური სამზარეულოს პატარა ჯადოსნობა. ახალი კერძის მოსამზადებლად ზოგჯერ ახალი ინგრედიენტი კი არა, უკვე ნაცნობი ინგრედიენტის სხვანაირად შეხამებაა საჭირო.



arrow