ქართული სანელებლების კომპანია „ოჯახური“ აშშ-ის ბაზარზე შევიდა და პროდუქციის პირველი პარტია დაახლოებით 1 თვის წინ გადატვირთა.
როგორც Business Insider Georgia-ს, „ოჯახურის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა სალომე ნეფარიძემ განაცხადა, აშშ-ის ბაზარზე სუნელების გარდა გაიგზავნა აფხაზური აჯიკა და მდოგვი.
„აშშ-ში დაახლოებით 25 დასახელების სუნელ-სანელებელი გავაგზავნეთ. ჩვენ გვყავს წარმომადგენელი აშშ-ში, ლოს -ანჯელესში, რომელიც გვეხმარება, რომ მოვაგვაროთ გაყიდვების საკითხი ქსელურ მარკეტებში, ჩვენი ექსპორტის გუნდთან და მენეჯერთან ერთად“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
მისი ინფორმაციით, გაგზავნილი 25 დასახელების პროდუქტიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა აფხაზურ აჯიკასა და მდოგვზეა, სუნელებიდან კი სვანურ მარილზე, საცივის საკმაზზე, ხმელ სუნელსა და უცხო სუნელზე.
„დავაკვირდებით ტენდენციას, რა სურს იქაურ ბაზარზე მომხმარებელს და ამის მიხედვით დაიგეგმება აშშ-ის ბაზარზე ექსპორტის შემდეგი ეტაპები. აშშ-ის ბაზარი არის მასშტაბური და ვფიქრობთ, რომ ეს არის ბიზნესისთვის დიდი შესაძლებლობაა. ლოს-ანჯელესის გარდა გვინდა, რომ სხვა შტატებიც დავფაროთ. დამაიმედებელი პროგნოზი გვაქვს. კიდევ ერთი პარტიის გაგზავნა იგეგმება მომავალ კვირაში. 2-3 დღე სჭირდება აშშ-ში საჰაერო გზით პროდუქციის ჩატანას“, - აცხადებს სალომე ნეფარიძე.
კომპანიამ აშშ-ის ბაზარზე შესვლამდე FDI სერტიფიკატი აიღო. „ვიდრე პროდუქცია გაიგზავნებოდა, მანამდე მოვაგვარეთ ეს საკითხი და წარმატებით დავიწყეთ ექსპორტი“, - აცხადებენ კომპანიაში.
როგორც ცნობილია, „ოჯახური“ აწარმოებს არა მხოლოდ ცალკეული სახეობის, არამედ შერეულ სუნელებსაც, რომლებიც სხვადასხვა კერძისთვის არის განკუთვნილი. შედეგად, მომხმარებელს არ უწევს რამდენიმე სახეობის ცალ-ცალკე შეფუთვით შეძენა, რადგან კომპანიამ ისინი უკვე ერთ შეფუთვაში გააერთიანა.
ცნობისთვის, „ოჯახური“ 2010 წელს დაარსდა. საწარმოში სტაბილურად 70 ადამიანია დასაქმებული.