ქართული სანელებლების კომპანია „ოჯახური“ ასორტიმენტს ზრდის. უახლოეს მომავალში წარმოებას რამდენიმე ახალი პროდუქტი დაემატება. მათ შორის, უნიკალური სანელებლები და ტყემალი, რომელიც გაყიდვაში რამდენიმე კვირაში ჩაეშვება. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან „ოჯახურის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე ნეფარიძე საუბრობს.
,,ვაგრძელებთ ტრადიციას და მომხმარებელს რამდენიმე ახალ გემოს წელსაც შევთავაზებთ. ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ ტყემლის წარმოებაზე, ეტიკეტირების პროცესს გავდივართ და პროდუქტი რეალიზაციაში უახლოეს მომავალში ჩაეშვება.
ასევე იზრდება ასორტიმენტი სანელებლების მიმართულებით, რაც ასევე სიურპრიზი იქნება მომხმარებლებისთვის. კერძოდ, ეს არის დაფქული ხახვი, ხახვის ფანტელი, სიმინდის სახამებელი, გამაფხვიერებელი, ხინკლის საკმაზი, როზმარინი, რძის ფხვნილი, ტყემალი (მწვანე, წითელი და ყვითელი) და კაკლის მურაბა, რომელიც ამ დრომდე ექსპორტზე გადიოდა. აღნიშნული პროდუქტები საექსპორტო ხაზსაც დაემატება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, რომ ახალი პროდუქტებსაც კარგად მიიღებს მომხმარებელი. ჩვენი პროდუქცია არის 100 %-ით ნატურალური, რაც კომპანიის მთავარი პრიორიტეტია“, - ამბობს სალომე ნეფარიძე.
როგორც ცნობილია, „ოჯახური“ აწარმოებს არა მხოლოდ ცალკეული სახეობის, არამედ შერეულ სუნელებსაც, რომლებიც სხვადასხვა კერძისთვის არის განკუთვნილი. შედეგად, მომხმარებელს არ უწევს რამდენიმე სახეობის ცალ-ცალკე შეფუთვით შეძენა, რადგან კომპანიამ ისინი უკვე ერთ შეფუთვაში გააერთიანა.
ცნობისთვის, „ოჯახური“ 2010 წელს დაარსდა. საწარმოში სტაბილურად 70 ადამიანია დასაქმებული.