Повора

გურამ ბაღდოშვილი - ზიდანისა და რონალდუს საყვარელი მზარეული

        ის, როგორც იტყვიან, ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული. გურამ ბაღდოშვილი პორტუგალიაში საკმაოდ პოპულარული მზარეულია. გურამი ნებისმიერ პროდუქტს ხელოვნების ნიმუშად აქცევს და მისგან ნამდვილ შედევრებს ქმნის.

უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოში აღარ ვცხოვრობ. უცხოეთში ცხოვრება საკმაოდ საინტერესო და შთაბეჭდილებებით აღსავსე აღმოჩნდა. ბევრი ქვეყნის საზღვარი გადავლახე, რვა უცხო ენაზე ავლაპარაკდი და ბოლოს პორტუგალიაში აღმოვჩნდი, სადაც დღესაც ვცხოვრობ.

პროფესიით შეფ-მზარეული ვარ. თავიდან, მოსკოვში წავედი. იქ დავიწყე სწავლა და მუშაობა. შვიდი წელი ვცხოვრობდი ამ ქალაქში და ჩემდა გასაკვირად, ისეთი ვოკალური მონაცემები აღმომაჩნდა, რომ გლიზინის სახელობის სახელმწიფო სასწავლებელში ჩავაბარე, ესტრადის განხრით.  პარალელურად, რესტორანში მზარეულად ვმუშაობდი.

უცხოეთში წასვლა ერთგვარი რისკი იყო, მაგრამ გამიმართლა. მოვიარე ის ქვეყნები, რომლებიც მაინტერესებდა. ბრიუსელში გავიცანი პორტუგალიელი ფედერიკო. რომ გაიგო, შეფ-მზარეული ვიყავი და თან ვმღეროდი, ძალიან დაინტერესდა ჩემით და პორტუგალიაში  თავის სახლში დამპატიჟა. ფედერიკო შინაგან საქმეთა სამინისტროში, საიდუმლო სამსახურის უფროსი იყო და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ მე დღეს პორტუგალიაში წარმატებული შეფ-მზარეული ვარ, ორი საკუთარი რესტორანიც გავხსენი და ამ ქვეყნის ბომონდის ბევრი წარმომადგენლის მეგობრად მივიჩნევი. 

კავკასიელ ბიჭს პორტუგალიური ადათ-წესებისა და კლიმატის ატანა არ გამჭირვებია. ძალიან მომეწონა აქაური გარემო - ჰავა, სუნი, სიმწვანე, სულ ზაფხული და ბევრი მსგავსება ქართველ ერთან. ქართველებსა და პორტუგალიელებს მსგავსი ხასიათი გვაქვს - ერთნაირად ფეთქებადები და ჯიუტები ვართ. ხმამაღალი ლაპარაკი გვახასიათებს და სამზარეულოც ძალიან მსგავსია. როგორც ამ დარგში პროფესიონალი, თამამად ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში ზოგიერთი კერძი კავკასიიდან ჩამოიტანეს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ბასკები რომ წავიდნენ პორტუგალიაში, მათ კავკასიელი ალანებიც გაჰყვნენ და იქ დასახლდნენ. ვფიქრობ, მათ ჩაიტანეს კავკასიიდან პორტუგალიაში ზოგი წესი და ადათი. სახლებიც კი რიყის ქვით არის ნაშენი და ეს ტრადიცია დღესაც აქტუალურია ამ ქვეყანაში. 

პორტუგალიაში ღამე ვახშმით იწყება, არაჩვეულებრივი გურმანები არიან და უყვართ გემრიელი საკვები. ძირითადად, გარეთ ჭამენ და სახლში არაფერს ამზადებენ. ამ მხრივაც გამიმართლა (იცინის). კულინარიულ ინსტიტუტშიც ვკითხულობდი ლექციებს სამხრეთ პორტუგალიაში და პარალელურად, საკუთარი რესტორნის ბიზნესს ვაფართოებდი. საკუთარი თავი ნიჭიერ მზარეულად მიმაჩნია. თავადაც ვქმნი და სხვის შექმნილსაც ყოველთვის ვაუმჯობესებ. ლამაზი შეხამება უნდა შეძლო, რაც არტისტულ ნიჭსაც მოითხოვს. სუნი უნდა ჰქონდეს არაჩვეულებრივი და თან კარგად უნდა იყოს „შეკრული“. სამზარეულო არტში გადასულ მეცნიერებად მიმაჩნია.

მე ჩემი პირადი სამზარეულო მაქვს – შერეული კერძებითა და ჩემი ხელწერით გამოირჩევა. უფრო სწორად, პირადი ხაზის კულინარია მაქვს, სადაც ხუთივე კონტინენტის სამზარეულოა შერწყმული. დიდ სიყვარულს და სითბოს ვდებ ჩემს კერძებში, სულ ღიღინ-ღიღინით ვამზადებ, ვინმეს რომ არ მოეწონოს და არ აღფრთოვანდეს, გამორიცხულია. უამრავი ცნობილი ადამიანი სწვევია ჩემს რესტორნებს. მაგალითად, ფეხბურთელებს – ზიდანსა და კრიშტიანუ რონალდუს უკვე „ვიაიპ“ კლიენტებად მივიჩნევთ და ისინი ჩემი კარგი მეგობრებიც არიან. ხშირად რესტორნის დაკეტვაც გვიწევს, რადგან ცნობილი ადამიანები პაპარაცებს ერიდებიან და მყუდრო, მშვიდ გარემოში უნდათ ვახშმობა ან სადილობა. ხშირად მიწვევენ ცნობილი ივენთებისა და ფესტივალების მოსაწყობად, სადაც მსოფლიოში ცნობილ მსახიობებს, მომღერლებსა და სპორტსმენებს ეპატიჟებიან. და, ყველგან ფიქსირდება, რომ ეს ქართველი შეფ-მზარეულის მოწყობილია.