მზარეულები

სერ ჯეიმს ტრევორ ოლივერი – შიშველი მზარეული

        რატომ შიშველი? ალბათ გაოცებით იკითხავთ თქვენ. არა, სამზარეულოში შიშველი ნამდვილად არ დგას.   ‘’შიშველი მზარეული’’  The Naked Chef სწორედ ასე ერქვა ჯეიმი ოლივერის პირველ წიგნს, რომელიც 1999 წელს გამოიცა. ავტორის აზრით, ეს სახელწოდება ყველაზე უკეთ ასახავს მის კულინარიულ პრინციპებს,  ხაზს უსვამს, რომ  ავტორი აბსოლუტურად  გახსნილია (თითქმის შიშველია)  ხალხის მიმართ, რომ მისი კულინარია უბრალოა, მარტივი, თითქმის უსისტემო, ყოველგვარი საიდუმლოებების გარეშე, გემრიელ საჭმელს კი შეფუთვა და  ‘’ჩაცმა’’ არ სჭირდება, რადგან მთელი გულით მომზადებული, ისედაც გემრიელია. და მაინც, ვინ არის ეს ადამიანი, რომელსაც მთელი მსოფლიო შისველი მზარეულის სახელით იცნობს? ჯეიმს ტრევორ ოლივერი, იგივე ჯეიმი ოლივერი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაა პოლ მაკარტნისთან და დედოფალთან ერთად.  ის ახალგაზრდაა, მდიდარი, მხიარული, სიცოცხლის მოყვარული და იდეებით სავსე.  მისი გადაცემები ეკრანიდან არ ჩამოდის, ცნობილი ადამიანები კი სიამოვნებით ეპატიჟებიან რაიმე გემრიელის მოსამზადებლად. თუმცა პოპულარობა და წარმატება მისთვის არავის მოურთმევია და ამისთვის საკმაო შრომა და ენერგია დასჭირდა.  თვითონ ბრიტანელებსაც მის მიმართ ორმაგი გრძნობები აქვთ, ერთი ნაწილი აღმერთებს, მეორე ნაწილიკი ვერ იტანს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,  ჯეიმი ოლივერი იგივე მიზეზით სძულთ, რა მიზეზითაც აღმერთებენ: მილიონერია და სტუდენტივით იცვამს, ჭამს პირდაპირ თითებით, ცეკვავს სამზარეულოში და არღვევს ყველანაირ კულინარიულ კანონს, ის მხოლოდ საკუთარ გულსა და ფანტაზიას უსმენს. ჯეიმი ოლივერი ექსესში, ერთ პატარა სოფელში დაიბადა 1975 წლის 27 მაისს. მის მშობლებს პატარა პაბი ჰქონდათ და ჯეიმიც უმეტეს დროს სწორედ მის სამზარეულოში ატარებდა.  16 წლისამ სწავლა Westminster Catering College-ში დაიწყო, შემდეგ საფრანგეთში გაემგზავრა ცოდნის გასაღრმავებლად. პირველი გამოცდილება იტალიელი შეფ-კონდიტერის, რობერტო კარლუჩოს რესტორანში The Neal Street Restaurant   მიიღო. შემდეგ The River Café-ში გადავიდა შეფ-მზარეულის დამხმარედ. სწორედ აქ გაუღიმა ფორტუნამ. ინგლისის რესტორნების შესახებ დოკუმენტური ტელეფილმის შემქმნელები ბბს-იდან დაინტერესდნენ ახალგაზრდა ექსცენტრული მზარეულით და საკუთარი კულინარიული შოუს გაკეთება შესთავაზეს. ჯეიმის გადაცემა „შიშველი მზარეული’’ 2 სეზონის განმავლობაში ჰიტი გახდა არა მხოლოდ ინგლისში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ასეთი წარმატების შემდეგ გამოსცა იმავე სახელწოდების წიგნი, რომელზეც დასაწყისში გესაუბრეთ. 2002 წელს, მან დაარსა ფონდი ‘’ Fifteen’’ , მოგვიანებით კი ამავე სახელწოდების რესტორანიც გახსნა. ამ ფონდის საშუალებით, ჯეიმი ოლივერი ყოველწლიურად 15 არასრულწლოვანს ბრიტანეთის ღარიბი ოჯახებიდან, კრიმინალური წარსულის მქონეთ, განათლების გარეშე დარჩენილებს ან რთულად აღსაზრდელებს საკუტარი ხარჯით შეასწავლის სარესტორნო საქმეს და დასაქმებაში ეხმარება. ეს სწავლება რეალითი შოუს რეჟიმში ტელევიზიით გადაიცემოდა.მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოზარდი ვერ ახერხებს ამ კურსის ბოლომდე გავლას, ჯეიმის ეს საქციელი მაინც გახდა საყოველთაო შექებისა და პატივისცემის ღირსი: მან, მოზარდებს, რომელთაც არც თუ ნათელი მომავალი ჰქონდათ, მისცა პროფესია, თანაც საკმაოდ კარგად ანაზღაურებადი. 2003 წელს  იგი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი გახდა. ჯეიმი ოლივერი სარგებლობს თავისი პოპულარობით და ბრიტანეთის ხელისუფლებას სასკოლო მენიუს გადახედვისკენ მოუწოდებს. ყოფილი პრემიერის მეუღლესთან, ჩერი ბლერთან ერთად, მან წამოიწყო კამპანია Feed me better, რომლის მიზანიც  მოსწავლეების ჯანსაღი კვების უპირატესობებში დარწმუნება. ჯეიმი ოლივერი მოითხოვს რომ სასკოლო საკვებში მინიმუმამდე დავიდეს ჰამბურგერი, ჩიპსი, კრეკერები და მსგავსი საკვები ხილ-ბოსტნეულის რაოდენობის გაზრდის პარალელურად.   მისი ძალისხმევა ამ მიმართულებით ნაჩვენებია  ‘’ჯეიმის სასკოლო სადილები-‘’ს სერიებში, სადაც ნაჩვენები იყო, თუ როგორ შეიძლება იკვებოს მოსწავლე ჯანსაღად და ამავდროულად ეკონომიურად. მსგავსი მიზნებით წამოიწყო ‘’კვების რევოლუციაც“ food revolution , რომლის ფარგლებშიც, ოლივერი დიდი ენთუზიაზმით ცდილობს უბრალო ადამიანების კვების ჩვევების შეცვლას და მოუწოდებს მათ ფასტ-ფუდი ჯანსაღი საკვებით ჩაანაცვლონ. ჯეიმი ოლივერი უამრავი კულინარიული წიგნის ავტორია. ამბობენ რომ ეს  წიგნები ბრიტანეთში მხოლოდ ‘’ჰარი პოტერს’’ ჩამორჩება გაყიდვებით.  მისი კულინარიული შოუები კი უამრავ ქვეყანაში გადის და ყველგან დიდი პოპულარობით სარგებლობს.  შიშველ მზარეულს პირადი ცხოვრებაც წარმატებული აქვს, ჰყავს მეუღლე, სამი ქალიშვილი და ერთი ვაჟი. ჯეიმი ოლივერის მთავარი კულინარიული რჩევა ასე ჟღერს: დაარღვიეთ წესები! შეცვალეთ რეცეპტში პროდუქტები , თუ კი არ გაქვთ, მოამზადეთ მთელი გულით და აუცილებლად გემრიელი გამოგივათ!