Chefs

ტკბილეული მომავლიდან "დინარა კასკო"

        დინარა კასკოს  სახელი  უკვე ბრენდი გახლავთ.  28 წლის ხარკოველმა ახალგაზრდამ სამშენებლო ინსტიტუტი დაამთავრა, 3 წლის მანძილზე იმუშავა სპეციალობით და შემდეგ კი სადეკრეტო შვებულებაში გავიდა. შვილის გაჩენასთან ერთად საკუთარ თავში დინარამ ახალი ნიჭი აღმოაჩინა და სულ რაღაც სამ წელიწადში ეს ნიჭი ვირტუოზულობამდე აიყვანა. დღესღეობით მთელი მსოფლიო გაოცებული უცქერის დინარას ქმნილებებს. დინარას თითოეული ტორტი კომპიუტერით კონსტრუირდება, შემდეგ იბეჭდება 3D- პრინტერზე, ისხმება სილიკონით და ივსება ინგრედიენტებით . ეს მეთოდი აბსოლიტური სიახლეა საკონდიტრო სფეროში.
დინარა ტორტებს გასაყიდად არ ქმნის. საკუთარი მტკიცებით, ის ჯერ მხოლოდ სწავლობს, ამიტომ მისი ტკბილეულის დაგემოვნება ჯერ მხოლოდ ახლობლებს და მეგობრებს შეუძლიათ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ოჯახის შექმნასთან ერთად დინარას საკუთარი სამზარეულო გაუჩნდა, რასაც ტკბილეულის კეთებაც მოჰყვა. დინარა იმდენად გაიტაცა ამ საქმემ, რომ, როდესაც გაიგო ცნობილი ფრანგი კონდიტერის ხარკოვში ჩამოსვლის შესახებ, სასწრაფოდ ჩაეწერა მასტერ-კლასებზე. შემდეგში მან ისეთი ოსტატების გაკვეთილებიც გაიარა, როგორებიც არიან ჟულიენ ალვარეზი, გიომ მობიიო, მარტინ დიეზი. ამ ბოლო დროს კი თვითგანვითარებას მისდევს და მთელ თავისუფალ დროს სამზარეულოში ატარებს.
ახლახან ცნობილმა ჟურნალმა «So Good», დინარას ტორტებს, 18 გვერდი დაუთმო, ყდაზე კი მათი შემქმნელის ფოტო განათავსა. დინარას განრიგი გაწერილია ერთი წლით ადრე, მას იწვევენ მასტერ-კლასებზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, აქვს შემოთავაზებები საუკეთესო რესტორნებიდან და საკონდიტროებიდან. იგი ამბობს, რომ გზის გასაყარზე დგას და ჯერ არ აქვს მოფიქრებული, როგორ შეათავსებს ყველაფერ იმას, რის გაკეთებაზეც ოცნებობს: მილიონი იდეის რეალიზაცია, მსოფლიოს საუკეთესო საკონდიტრო გუნდში მუშაობა და მეორე შვილის გაჩენა. დინარა ამტკიცებს, რომ დღევანდელ სამყაროში ყველა ახალგაზრდას აქვს საშუალება რეალიზება გაუკეთოს თავის ჩანაფიქრს. დახარჯული ენერგია არსად არ ქრება, შრომით და საქმის სიყვარულით ყოველთვის აღწევ იმას, რაც გსურს … მთავარია მიაგნო, თუ რა გიყვარს გულით.